გუშინ ვინც ბერძენიშვილს და სამნიძეს თავს დაესხა, მათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე ჰქვიათ - სამადაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ გუშინ ვინც დაესხა თავს დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, „მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე“.

„პირველ რიგში, კობახიძეს მინდა ვუთხრა, რომ არ ვიცი, გუშინ ვინ დაარტყა და დაესხა თავს დათო ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, არ ვიცი იმ ხალხს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია დღეს გითხრათ,  რომ მათ ჰქვია კოლექტიური ირაკლი კობახიძე.

მე არ ვიცი, ვის ჰქონდა გუშინ ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სალომე სამადაშვილმა მმართველ პარტიას მიმართა, იმის ნაცვლად, რომ ხალხს რეალურ პრობლემებზე ესაუბრონ, მათ წამოიწყეს ძალადობის კამპანია.

„თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც დღეს უნდა ვუხსნიდეთ, როგორ შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობები და რატომ, იმისათვის, რომ ვესაუბროთ რეალურ პრობლემებზე, თქვენ წამოიწყეთ ეს ძალიან ბინძური კამპანია და ძალადობის კამპანიაც.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით მათ შორის ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და, კობახიძის თქმით, ამ კამპანიის ნაწილია ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.