გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, რადგან მათ რეალური არგუმენტები არ აქვთ - წულუკიანი

პუბლიკა

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

 „თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი, მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე): კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მე ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან, აქვთ გარკვეული შიშები, იმიტომ, რომ ინვენტარიზაცია არ არის მარტივი პროცესი. სექტემბრის ბოლოს ჩვენ ამ ინვენტარიზაციის შედეგებს წარმოგიდგენთ თქვენ, საზოგადოებას, სწორედ ეს არის ჩვენი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობის მაგალითი. ეს მუზეუმი, ათეული წლები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ბატონი დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პირობებში იყო გამოწვევა და დღესაც არის. ჩვენ ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ.“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

წულუკინის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ეს მუზეუმი მუდმივად იყო დახურული, დღეს ის ღიაა, გამჭვირვალეა და ინვენტარიზაციის პროცესი ყველა ფონდში მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან  არაერთი ექსპონატია გატანილი და მათი სახელობითი სია  სექტემბრის ბოლოს დაიდება. მანამდე კი,  გასაგებია, რომ „ვიღაცებს ყვირილი მოუნდებათ“.

გუშინ,  5 აგვისტოს, საინიციატივო ჯგუფის, „ხელოვნების მუზეუმისთვის“ ორგანიზებით, პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.