გუშინდელ ინციდენტზე პასუხისმგებლობას რუს ოლიგარქ ივანიშვილს ვაკისრებ – რურუა

პუბლიკა

„გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში წერს.

რურუას თქმითვე, მხოლოდ ივანიშვილის თანხმობით შეიძლებოდა მასზე თავდასხმა მომხდარიყო.

„თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება. მადლობა მეგობრებო თანადგომისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა 3 ნოემბერი 2020 წელი“, – წერს რურუა ფეისბუქზე.

„პუბლიკას“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ გიორგი რურუაზე თავდასხმის საქმეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.


გუშინ, 2 ნოემბერს, გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. მიაყენეს დაზიანებები,  სახეზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები. მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესახა. გუშინვე, პენიტენციური სამსახურმა რურუაზე თავდასხმის კადრები გაავრცელა.


„მთავარი არხის~ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

რურუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე, მას იარაღი ჩაუდეს.