გუშინდელი აკრძალვა სასულიერო პირებს არ ეხება - საპატრიარქო

პუბლიკა

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ გუშინდელი აკრძალვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ,  მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

__________________________

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ დღეს, 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.