„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა 6 საათის მდგომარეობით პარტიის მიერ საარჩევნო დარღვევებზე მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 6 საათის მდგომარეობით, სულ 9 ინიციდენტია დაფიქსირებული და 20-მდე დარღვევა. პაპუაშვილის თქმით, დარღვევების ნაწილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიერ არის ჩადენილი. დარღვევებზე საუბრისას მან ასევე ახსენა პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელო“.
“ყველა ვაკვირდებით, რომ მშვიდ გარემოში ჩაიარა მთელმა დღემ. სულ დავაფიქსირეთ 9 ინციდენტი უბნებთან. ცხრავე ამოწურულია. არცერთი არ ყოფილა ისეთი, სადაც იყო ძალადობა. ყველა ინიციდენტი მიმდინარეობდა სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ენმ-ის მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს. რუსთავში ჩასულები არიან: მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე და იქ რისკია პროვოკაციების. ასევე დმანისში ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად.
რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია: 100 მეტრიან-რადიუსში ამომრჩევლის აღრიცხვის 5 ფაქტი; 100-მეტრიან რადიუსში შეკრების 10 ფაქტი; უკანონო აგიტაცია – 4; ამომრჩევლის მოსყიდვა – 2.; სხვა – 2“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ამასთანავე მოუწოდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ.
„მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მობილიზდეს. გუშინდელი დღის გათვალისწინებით, დღეს არის მომენტი, როცა ყველას შეუძლია, ხელახლა გახდეს მონაწილე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პასუხის გაცემისა, რომ ამ ქვეყანაში არავინ დაუშვებს ისეთი პოლიტიკური ძალის მომძლავრებას, რომელთანაც დაკავშირებულია ის სისტემა, რომელიც მთელმა ქვეყანამ იცის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურებისკენ. დაგვრჩა ორი საათი და ამ ორ საათში ყველა ხელახლა უნდა გავხდეს 2012 წლის გამარჯვების მონაწილე.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.