გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე.

„სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი მშვიდობისთვის, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში. ეს ადასტურებს რამდენად მყიფეა მდგომარეობა საქართველოში უსაფრთხოების მხრივ საქართველოში და რამდენად დაფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სხვადასხვა მიმართულებით“,  – თქვა მან.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების დანატოვარი მემკვიდრეობაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა კი ამ ოკუპაციის საფრთხეების სერიოზულ გააზრებაზე დგას.

„ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს. ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს. ასევე, ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში ხუჭავს ამაზე თვალებს, თითქოს ის ქვეყანა ვიყოთ, რომელიც ამ რისკების გარეშე არსებობდეს. აქედან გამომდინარე ამბობდნენ, რომ სანქციები დავაწესოთ, ყველაფერზე უნდოდათ მყვირალა მიდგომები. თვალს ხუჭავენ იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც აქვს ქვეყანასა და რეგიონს“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.


გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სროლის შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მეორე საქართველოს მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.