გვაინტერესებს, რა სახის წერილი გაუგზავნა FBI-ს პროკურატურამ - ბაჩალიაშვილის დედა

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი განცხადებით, ისინი ითხოვენ, გასაჯაროვდეს, თუ რა წერილი გაიგზავნა საქართველოდან FBI-ში. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზად დასახელდა თვითმკვლელობა, რის გამოც FBI-მა უარი განაცხადა გამოძიებაში ჩართვაზე.

„რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი ხომ უნდა ყოფილიყო? საჯაროდ? თუ მაგათ ღიაობა და გამჭვირვალობა უნდოდათ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩარეულნი და არ უნდათ გამოძიება. FBI-საც მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც უარს აცხადებენ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ იმ დოკუმენტაციას, რა სახის წერილი გააგზავნეს, რა მოთხოვნით, რა ეწერა იმ წერილში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.


დღეს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI უარს აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე.

„FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია”, – განაცხადა ლომჯარიამ.