„გვახსოვს, რა გააკეთეთ გასულ ზაფხულს“ - „სირცხვილიას“ აქტივისტები სტენსილის გაკეთების გამო დააჯარიმეს

პუბლიკა

„გვახსოვს, რა გააკეთეთ გასულ ზაფხულს“ – მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები თბილისში, საბურთალოს რაიონში სამშენებლო მოედნის ღობეზე სტენსილის გაკეთების გამო დააჯარიმეს.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, აქტივისტები 200-200 ლარით ადმინისტრაციული კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. მისივე განმარტებით, თუ მათ დაჯარიმებიდან 10 დღის განმავლობაში სტენსილი არ წაშალეს, თითოეული მათგანი 1000- 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

აქტივისტები ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ.

„გავრილოვის ღამიდან“ 1 წლის თავზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.


20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.