კომპანია „გლოვოს“ კურიერები შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით კომპანიის ოფისთან აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.
კურიერები რთულ სამუშაო პირობებსა და არასათანადო ანაზღაურებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიამ მომსახურების ტარიფი შეამცირა.
„ვითხოვთ, დაგვიფასდეს ის შრომა, რასაც სიცოცხლის ფასად ვრისკავთ. დაბრუნდეს ის ძველი ტარიფები, რაც იყო. გვამუშავებენ ისე, როგორც მონებს. კაპიკებს გვიხდის კომპანია, ფიქსირებულ 2 ლარზე, მაგალითად, არის 40 თეთრი, 30 თეთრი დანამატი, ანუ 24 საათი უნდა იმუშაო, რომ რამე მაინც დაგრჩეს“, – ამბობს ერთ-ერთი კურიერი „TV პირველთან”
„ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ. მოთხოვნა გაიზარდა და შეკვეთები და კომპანიამ ჩვენი მომსახურების ტარიფი შეამცირა. მინიმუმ, 3 000 ადამიანთან გვაქვს დღეში შეხება. ჩვენც ხომ რისკის ქვეშ ვართ“, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
„გლოვოს“ კურიერები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ყველას ძალიან უჭირს, კომპანია კიდევ უფრო არაკეთილსინდისიერად იქცევა. კურიერები კომპანიის მენეჯერსაც შეხვდნენ, მაგრამ კურიერების თქმით, შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.
კომპანიის მენეჯერი მედიასთან ამბობს, რომ კომპანია მუშაობს ამ საკითხზე და მომდევნო შეხვედრა 10 თებერვალს ჩაინიშნა თანამშრომლებთან.