გვაქვს 4 ახალი ბუჩა, ორი ზაპოროჟიეს და ორი ხერსონის მიმართულებით - არესტოვიჩი

პუბლიკა

„გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა, ორი ზაპოროჟიეს და ორი ხერსონის მიმართულებით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია Unian ავრცელებს.

არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში გენოციდს აწყობს და ახლა საკითხი დგას უკრაინელი ხალხის გადარჩენაზე.

„მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობა, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა „ძმობაზე“ შეიძლება ვისაუბროთ? ახლა ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“ , – შეაჯამა არესტოვიჩმა.

აპრილის დასაწყისში რუსეთის არმიამ უკან დაიხია და უკრაინაში ზოგიერთი დასახლება გათავისუფლდა. მათ შორის იყო ბუჩა, სადაც მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. ამასთან ერთად ცხედრებზე ძალადობის კვალი დაფიქსირდა. გათავისუფლებულ ბუჩის ქუჩებში სიკვდილით დასჯილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები იყო. როგორც უკრაინული მედია წერდა, რუსები მოკლულების დაწვას ცდილობდნენ.

ბუჩაში ომის დანაშაულებში ბრალდებულ რუსულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა. პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, მან  რუსეთის 64-ე გვარდიის  მოტომსროლელთა ბრიგადას „დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის“ და ასევე,  „რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის“ მიანიჭა ეს წოდება.

„უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით ქვედანაყოფის პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესასრულებლად“, – ნათქვამი იყო პუტინის წერილში,