გვაქვს ამბიციური მიზანი, მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მოხმარდეს განათლების სისტემას - თალაკვაძე

პუბლიკა

პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

სამოქმედო გეგმაზე საუბრისას თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება.

„განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა მთავრობის მისამართით. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მოხმარდეს განათლების სისტემას. განათლება არის გამოსავალი და პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. განათლებით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გაძლიერებას და სიღარიბის შემცირებას“,  – განაცხადა თალაკვაძემ.

2020 წლისთვის განათლების ბიუჯეტის ზრდაზე ინიციატივა 2019 წლის მარტში მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.

მამუკა ბახტაძემ, თავისი ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა და განაცხადა, რომ განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს.

„მაქსიმუმს მიაღწევს, როდესაც ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს“, – ამბობს ბახტაძე.

ბახტაძემ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ ეს  სპეციალური კანონმდებლობით „საგანმანათლებლო აქტით“ იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც მისივე თქმით, არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას.