პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის I შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიწვეულნი არიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, მათ ბევრი კითხვა აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. როგორც ის ამბობს, მემორანდუმის ჩანაწერების მიხედვით, ის ვერ ხედავს, რომ კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით პრობლემა აღმოიფხვრება.
„ზოგადად მივესალმებით, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე, რადგან არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც გადასაშლელია. იმისთვის, რომ ნდობა ჰქონდეს. ბარიერები მისაღებია ჩვენთვის, თუმცა გარკვეული დეტალები აქაც არის დასაზუსტებელი. ბევრი კითხვა გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან მიმართებით და იმ ჩანაწერებიდან, რაც ახლა არის მემორანდუმში, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ დღეს არსებული პრობლემა აღმოიფხვრება. გარკვეული რისკი არსებობს, რომ კვლავ დარჩეს საარჩევნო კომისიები ერთი პარტიის გავლენის ქვეშ“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან.
შეხვედრას ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდეც. როგორც ის აცხადებს, საია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 3 ძირითად საკითხს დააყენებს.
„პირველი შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის შემცირებას და პროფესიონალიზაციას ისე, რომ ისინი კონსენსუსით დაინიშნონ; მეორე შეეხება ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს, ამომრჩევლის ნების კონტროლისა და ზეწოლის გარემოს მოხსნა კენჭისყრის დღეს (რადიუსი და სიჩუმის დღე). მესამე არის ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა. საკრებულოების არჩევის წესი ბევრად უფრო უსამართლოა, ვიდრე პარლამენტის იყო“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.