„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ 10 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას ე.წ. „ფონდის საქმეზე“.
მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღო. ამ საქმეზე პირველ და მეორე ინსტანციაში უკვე გამოტანილია განაჩენი და უგულავას 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა შთანთქვის პრინციპით იმ წლებში ჩაეთვალა, რომელიც უგულავამ საპატიმროში გაატარა.
„უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს კოლეგია, გაბინაშვილისა და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე რომ არ მოისმენს გიგი უგულავას ადვოკატისა და გიგი უგულავას პოზიციას, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ, ე.წ. „ფონდის საქმეზე“. ეს არის საქმე, რომელიც პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას სასჯელი ჩაეთვალა უკვე მოხდილად და დღეს, როცა უკვე ამ სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის გიგი უგულავას თავისუფლების აღსაკვეთად“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ბასილაიას განმარტებით, ამას აფიქრებინებთ ის ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, მათ შორის, 11 დეკემბერს აეროპორტში მასზე თავდასხმა და შემდეგ ისევ მისთვის ბრალის წარდგენა, ასევე – პროკურატურის ოქროს მოწმის, გიორგი კაპანაძის დაკითხვის განახლება.
„ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ დაჭერა გაგრძელდება და 10 თებერვალს ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც საინტერესოა, რომ ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადების დროს იყო გენერალური პროკურორი. რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და დღეს არის ამ საქმის მოსამართლე”, – ამბობს ბექა ბასილაია.