გვაქვს გეგმა ინდუსტრიის გადასარჩენად | კვების ობიექტების წარმომადგენლები პრემიერს მიმართავენ

პუბლიკა

კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, აქვთ ერთობლივად შემუშავებული გეგმა ინდუსტრიის გადასარჩენად და განცხადება, რომლითაც გიორგი გახარიას მიმართავენ.

„2020 წლის გაზაფხულზე კარანტინის პირობებში საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო 2020 წლის 26 ნოემბრის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ინდუსტრია, ფაქტობრივად, იძულებულია, სრულად შეაჩეროს საქმიანობა“, – ამბობენ სფეროს წარმომადგენლები.

კვების დაწესებულების ხელმძღვანელებმა და სფეროში დასაქმებულებმა განცხადება და გეგმა მთავრობის კანცელარიაში ჩააბარეს.

ისინი აცხადებენ, რომ მათ გეგმაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. კერძოდ:

„სახელმწიფოს მიერ შემდგომ 2-თვიანიან პერიოდში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასები კომპენსაცია; სახელმწიფო გახდეს გარანტორი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც სფეროში მომუშავე ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად; ასევე, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის 1 წლის განმავლობაში შემსუბუქდეს დღგ-ს განაკვეთი; დაწესდეს საშეღავათო პერიოდი ამ სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის კომუნალურ გადასახადზე”, – აღნიშნულია კვების დაწესებულების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ გეგმასა და განცხადებაში.