გვაქვს იდეა, არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი.

„ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე, პოლიტიკურ სუბიექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ხმის მიცემის ფარულობა იყოს გარანტირებული.

აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებსა და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ.,  რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო- და ვიდეოგადაღება.

ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე, ცხადია, შეუძლებელია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებიდან ხმის მიცემა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მან ბრიფინგზე იმ საპილოტე პროექტზეც ისაუბრა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხმას  ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლიან.