საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოთქვა სურვილი, რომ თბილისის ზღვასთან და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნას.
„ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პერმიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესს კოორდინაცია გაუწიოს.
„გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს“, – განაცხადა პრემიერმა.