„ქართული ოცნების“ ოფიში ბრიფინგი გაიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისგან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაასახელა მიზეზები, რამაც პარტია ამგვარ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მათ შორის აქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე დეპუტატს არ სურს საკუთარი მანდატის გაუქმება.
„მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39%-მა დაუჭირა.
ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მხარდამჭერების ნებას, რომელთა 2/3, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა.
გარდა ამისა, გავითვალისწინეთ საკითხისადმი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.
ბოლოს გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო დღემდე ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადაგმას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა, რომელზეც 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის ვადაზე ადრე გაუქმების საკითხი განიხილება, დღეს, 2 თებერვალს, წუთი-წუთზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ საკითხს არც მმართველი პარტიის, არც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.