პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კრიზისის, პანდემიის უკან და იმედოვნებენ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა შესაბამისად, მცირე იქნება“, – განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით რამდენიმე მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მაგალითად, თუ ვინმე დაინფიცირედება, მისი მკურნალობა საქართველოს ჯანდაცვამ უზრუნველყოს. გარდა ამისა, კაპანაძე ხელისუფლებას მიმართავს, გააკეთოს ორი რამ:
„1. უზრუნველყონ დამკვირვებლები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ეს იქნება ეუთო, ევროსაბჭო, ნატო-საპარლამენტო ასამბლეა თუ ამერიკული ორგანიზაციები, რომ საქართველოში შეფერხების გარეშე შემოვიდნენ. აქ იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება.
2. ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის. არის ასეთი მოსაზრება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დამკვირვებელი, იმის გამო რომ პანდემიაა გავრცელებული და ასევე იმის გამო, რომ იმ ქვეყნის დაზღვევის სისტემა საქართველოში არ მოქმედებს, შესაძლოა არ ჩამოვიდეს. ამიტომ, ეს ვალდებულებაც ქვეყანამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუ უნდა რომ ეს არჩევნები აღქმული იყოს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.