გვაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს – ბოკერია

პუბლიკა

„ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს 2 ნოემბერიდან ლოქდაუნის გამოცხადებას“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთის, ხობისა და სენაკის
ოლქში, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები.

ვიწვევთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა,“ – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არანაირი ლოქდაუნი და ქვეყნის ჩაკეტვა არ იქნება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია და მხოლოდ მსგავსი მანიპულაციები დარჩა „ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

„ლოკდაუნი არ იგეგმება და ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ მოახლოებულ არჩევნებზე, მეორე ტური თუკი იქნება სადმე საჭირო, ეს გამარჯვება კიდევ უფრო იქნება დამაჯერებელი და ძლიერი. აქედან გამომდინარე, თუ მხოლოდ ასეთ საკითხებზე მანიპულაციები დარჩა არგუმენტებად ამ დესტრუქციულ და ხელმოცარულ ოპოზიციას, ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, როგორი განწირული არიან ისინი ძალიან სერიოზული და მათთვის მძიმე მარცხისთვის,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.