საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ალტერნატივა აქვს – საგანგებო მდგომარეობის ისევ გაგრძელება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებს; ვირუსის მიშვება, რომლის შემდეგაც ქვეყანა პანდემიის მძიმე შედეგებს მიიღებს და მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის მიღება. მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ეს კანონი ერთადერთი რაციონალური გზა იქნება, ოპოზიციამ კი ამ სამი ალტერნატივიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.
„ჩვენ გვაქვს რეალურად სამი ვარიანტი: 1 ვარიანტია, გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ერთი ჰიპოთეტური, თეორიული ვარიანტი.
მე-2 არის, რომ მივუშვათ ვირუსი და ვიცით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვებამ. ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5600-ს შეადგენს უკვე ინფიცირების რაოდენობა. ჩვენზე პატარა ქვეყანაა და 5600 უკვე რეგისტრირებული შემთხვევაა კორონავირუსის და 335 შემთხვევა მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაემატა. ეს შედეგი თუ გვინდა, მივიღოთ, ეს არის მე-2 თეორიული ვარიანტი.
მე-3 თეორიული ვარიანტი არის ამ კანონის მიღება. მე-4 არ არსებობს. მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებს კონტრარგუმენტები (ხედავთ, რომ დარბაზში აღარავინ არ არის დარჩენილი). მოვუწოდოთ, ოპოზიციას რომ აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. მე-4 ვარიანტი, უბრალოდ, არ არსებობს.
ან უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. რაც ნიშნავს, რომ საკონსტუტიციო ცვლილებები რეალურად აღარ იქნება სათანადო დროს მიღებული. მე-2 – მივუშვათ ვირუსი და მივიღოთ ის შედეგები, რაც მიიღეს მეზობელმა და არამეზობელმა ქვეყნებმა. ვგულისხმობ, მძიმე შედეგებს პანდემიის კუთხით და მე-3 – მივიღოთ ეს კანონი. მარტივად: იფიქრონ ხვალამდე და აირჩიონ ერთ-ერთი ამ სამიდან“, – განაცხადა კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.