გვაქვს პროგნოზი, რომ სტაციონარში შეგვიძლია 3500 საშუალო და რთული პაციენტის მართვა - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, საერთო ჯამში სტაციონარებში 3 500 კოვიდინფიცირებულის მართვაა შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამ ეტაპზე კორონავირუსის მართვაში ჩართული გვყავს უკვე 20 საავადმყოფო, ცხელებს კლინიკებში ჩვენ ვთვლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონებიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, 15 დამატებითი ჰოსპიტლის. საერთო ჯამში გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3 500 კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით”, – ამბობს მინისტრი.

მინისტრის თქმით, ასევე იქნება საშუალება, რომ 5 000-ზე მეტი პაციენტი მართონ საკარანტინე ზონებში, რომლის მეთვალყურეობასაც დატრენინგებული ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები განახორციელებენ.

„აქედან გამომდინარე ის საშუალო რიცხვი, რომელიც საქართველოს დღეს შეუძლია მართოს, არის 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტლების რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით.

თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვყავს გარკვეული რესურსი ექიმების. თანაფარდობა საწოლების რაოდენობისა და ექიმების არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ეტაპისთვის სამინისტრო მუშაობს, ყველა იმ ექიმის მობილიზაციასა და ტრენინგზე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში“, – განაცხადა მინისტრმა.