თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს არ მიუღია მიხეილ სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა მისი დაუსწრებლობის შემთხვევაში პროცესის ჩატარებაზე, რის გამოც დღეს სხდომა ვეღარ გაგრძელდა, თუმცა პროცესის დახურვამდე სასამართლოს განცხადებით მიმართა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, მისი დაუსწრებლობის შემთხვევაში პროცესი ჩატარდეს, თუმცა მისთვის პენიტენციურ სამსახურს არ განუმარტავს, რომ თანხმობა წერილობით უნდა გამოეხატა.
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჭამა სურს, მაგრამ ვერ ჭამს ვერც ციხის საჭმელს და ვერც ადვოკატების მიერ მიტანილს. გვარამიას თქმით, დადგინდა, რომ ეს წამების შემდგომი სტრესული აშლილობით არის გამოწვეული.
გვარამიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გადაუდებელი ჩარევა და გრძელვადიანი მკურნალობა, რადგან სააკაშვილის ინვალიდიზაცია შეუქცევად ხასიათს იღებს. მან არგუმენტად მოიყვანა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციაა, სააკაშვილის მკურნალობა გაგრძელდეს ისეთ გარემოში, რომელიც არ ატარებს პენიტენციური დაწესებულების ნიშნებს.
მან ასევე მოუწოდა მოსამართლეებს, „პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად“ გასცენ „სპეციალური დავალებები პენიტენციურ ორგანოსთან დაკავშირებით“ და მოუსმინონ სპეციალისტებს.
„ჩემთვის მძევალი, მაგრამ ფორმალურად პატიმარი სააკაშვილი ამ წუთში საჭიროებს გადაუდებელ ტრანსფუზიურ ჩარევას, რაც ნიშნავს ბევრი მიმართულებთ გადასხმებს. ის ვერ მორჩება ამით. ეს არის სიმპტომური მკურნალობა, სიმპტომების მკურნალობა მიმდინარეობს და მოგეხსენებათ, მედიცინა არის მიზეზების მკურნალობა… რაც გაირკვა სახალხო დამცველის შესვლის შემდეგ, სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს არასწორად და კონტრპროდუქტიულად. ციხის საავადმყოფო სიმპტომებად თვლის ვიტამინის მიცემას, ყველაფერ დანარჩენთან დაკავშირებით მას ეძლევა სედატიური პრეპარატები, ანუ დამამშვიდებლები, საძილე საშუალებები…
მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს უფლება, მოთხოვნა დავაყენოთ… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ 191-ე პრიმა მუხლის საფუძველზე გასცეს კონკრეტული დავალებები… სასამართლო გასცემს აუცილებელ ღონისძიებებს კონკრეტული მითითებით, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის. თუ მას [სასამართლოს] არ აქვს ცოდნა ამ საკითხში, იგი ეყრდნობა მხარეების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს და შეიძლება, მოისმინოს სპეციალისტების განმარტებები…
ამ წუთში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სრულად შედის თქვენს იურისდიქციაში, როგორც უფლება და როგორც მოვალეობა. მიმდინარეობს წამება და არაჰუმანური მოპყრობის ახალი ეპიზოდი.
…საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასიკვდილო პროცესის მიმდინარეობაშია. ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ლეტალურ გამოსავალთან მიზეზშედეგობრივ კავშირში“, – განაცხადა გვარამიამ.
ხანმოკლე თათბირის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში ნინო ელეიშვილი, ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი შედიან, გადაწყვიტა, რომ სასამართლო წერილის სახით მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, მოითხოვენ მითითებას, უზრუნველყონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.
„პროცედურულად ასევე მოვთხოვთ, რომ განემარტოს და აუცილებლად იქნას დოკუმენტი წარმოდგენილი შემდგომ სხდომაზე, რომ შევძლოთ, თუ პირი არ გამოცხადდება, სხდომა უფლებამოსილი იყოს.
ჩვენ ასე გამოკითხვას ვერ დავიწყებთ კონკრეტული პირების, თუმცა შეგვიძლია, დოკუმენტაციის საფუძველზე… ამ წუთას, დღესვე ოფიციალური წერილის სახით მოვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულებას, გათვალისწინებული იყოს ყოველივე, დამატებით გვეცნობოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გასატარებელ-გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით…
კი გვპასუხობენ, რომ კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ ჩვენი მხრიდან თქვენს განცხადებაზე რეაგირება, პასუხი ეს შეიძლება იყოს ამ წუთას პროცედურული სახით“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელეიშვილმა.
7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სხდომა 20 მაისს ჩაინიშნა.