„ჩვენი თანამშრომლობა NATO-სთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის დროს განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერას და ამავე კონტექსტში მინისტრმა NATO-სთან მზარდი თანამშრომლობა აღნიშნა.
„დღეის მოცემულობით ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი NATO-ში გაწევრებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად NATO-ში გასაწევრებლად“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამის მაგალითად NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მოიყვანა.
„ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. NATO-ს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
NATO-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ბურჭულაძემ NATO- საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, მოხდა 2 ინიციატივის – ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც NATO-ს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს. „საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული NATO-ს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ.
„საქართველო ასევე, იცავს NATO-ს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.