გვარამია: 25 ნოემბერი ვერ გახდებოდა არალეგიტიმური პარლამენტისთვის ხელის შეშლის დღე

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ 25 ნოემბერი ვერ გახდებოდა „ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისთვის ხელის შეშლის დღე”. ამის შესახებ მან „მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

„ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია კარგად და სადაც შეგვიძლია კარგად, ყველანი ვართ იქ, სადაც კეთდება მნიშვნელოვანი საქმე. რაც შეეხება თარიღის გამოკიდებას, აქაც ვეთანხმები სრულიად პრეზიდენტს, დღევანდელი დღე ვერაფრით ვერ გახდებოდა „ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტისთვის ხელის შეშლის დღე. ჩვენ გვახსოვს 100 ათასიანი ხალხის შეკრებები პარლამენტთან, კვირების განმავლობაში, რომელმაც რეალურად პარლამენტს ხელი ვერ შეუშალა, იმაში, რომ ის გადაწყვეტილება მიეღო, რის წინააღმდეგაც ხალხი პროტესტით იდგა და მე არავის არ ვამუნათებ და არავის არ ვამტყუნებ.

არსებობს გარემოებები, რომლის დაძლევა იმ გზით, რომელიც უკვე კარგად გამოცდილია, როგორც წარუმატებელი, უბრალოდ შეუძლებელია. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, ძალიან რთული ბრძოლა. მთავარი ხაზი გადის არაღიარებაზე, ლეგიტიმაციის ამ არჩევნების, როგორც ქვეყნის შიგნით და არშესვლაზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის” ეთერში.

25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის ცერემონია ჩაატარა;

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში გამართულ სხდომას არ დასწრებია.

სამოქალაქო სექტორი პარლამენტის შეკრებას უკანონოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს. სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა აქციაც.