ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„სამარცხვინოა და უშინაარსოა ეს ყველაფერი. კითხვები მე თვითონ გამიჩნდა. ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო ხელისუფლება, რომ ბიძინა ივანიშვილი ეს არის სახელმწიფო, სირცხვილია. ბიძინა ივანიშვილის დამხობის მოწოდება რომ უდრის, დავამხოთ სახელმწიფო ხელისუფლება, უბრალოდ სირცხვილია. პროკურორებს ისეთი დამამცირებელი ფუნქცია შესძინეს, კითხვის დასმის დროს სირცხვილის დამალვა რომ შეუძლებელია.
დაისვა კითხვები – რა ვიგულისხმე აჯანყებაში, დამხობაში და ა.შ.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 5 დეკემებრს დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან მიღებული უწყება გვარამიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ის გამოკითხვას უკავშირებს თავის ფეისბუქპოსტს, რომელიც 3 დეკემბერს გამოაქვეყნა: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.