გვარამია: ემიგრანტების ხმები არათუ დაკარგა ოპოზიციამ, არამედ დაიმატა „ოცნებამ”

პუბლიკა

კოალიცია „ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არჩევნებზე ემიგრანტების ხმები, რეალურად „ქართულმა ოცნებამ” დაიმატა. ამის შესახებ მან კოალიციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, სადაც მათ ჩატარებული არჩევნების ანალიზი წარადგინეს.

„ჩვენ არჩევნებზე ვნახეთ, რატომ სჭირდებოდათ ემიგრანტების არჩევნებზე არმიმაგრება, იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემები გამოიყენეს აქ და მათ ნაცვლად მისცეს ხმები აქ, რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ”. არა პასპორტებით, არამედ ფურცელზე დაწერილი პირადი ნომრებით მიდიოდნენ.

რეალურად, ემიგრანტების ხმები არათუ დაკარგა ოპოზიციამ, არამედ დაიმატა „ქართულმა ოცნებამ”. ყოველი ასეთი ერთი ხმა არის მინუს ერთი ოპოზიციას და პლუს ერთი ხელისუფლებას, განსხვავება იძლევა არა ერთ ხმას, არამედ ორს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნების დღეს მთავრობამ ავიაკომპანიებს იმ დღეს ჩამოსული მოქალაქეების სიები მოსთხოვა.

„ეს ვიცით ზუსტად: ის ფაქტი, რომ არჩევნების დღეს საქართველოს მთავრობამ მოსთხოვა მოქმედ ავიაკომპანიებს იმ დღეს საქართველოში ჩამოსული პირების სიები. ანუ ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ დღეს ვინ ჩამოდიან, მათი სიები მოგვეცითო, რომ დაედარებინათ ეს სიები, ენახათ და ვიღაც იმათ ნაცვლად, იმათი პირადი ნომრებით არ მისულიყო საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღეს გაიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის” პრეზენტაცია, სახელად „როგორ გაყალბდა არჩევნები”, სადაც კოალიციის წევრებმა წარადგინეს ჩატარებული არჩევნების ანალიზი, ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოხატულ პოზიციებზე, ამასთან, აღნიშნეს, რომ დარღვევები მოხდა არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდეც, რაც ქმნიდა პოლარიზებულ გარემოს.

მათივე განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებამ გააჩინა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა.