„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატიცაა, დეკანოზი საპატიმროში მოინახულა. ციხიდან გამოსულმა გვარამიამ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა, დეკანოზმა შიმშილობის დაწყება გადაწყვიტა. არადა, გვარამიას თქმით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმეა.
„ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილისა და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების აქტი გამოსცა და ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ვერ მოხვდა გიორგი მამალაძე.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და გამომდინარეობს პატრიარქისადმი როგორც მისი პირადი, ისე პრეზიდენტის დამოკიდებულებიდან. ეკლესია და სახელმწიფო ზურაბიშვილის თქმით, გადაჯაჭვულია და ეკლესიის წინამძღვარზე შეტევა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და ეკლესიის აღორძინებაში, დაუშვებელია.
თუმცა ყოფილ დეკანოზს პროკურატურა არა პატრიარქის, არამედ მისი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.
დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და პატრიარქის პოზიცია გაითვალისწინა. „ეს იყო ფარსი, კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე, მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას და დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მიიღეს მონაწილეობა კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგან კარგი მსახიობები არიან“, – ასე შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ძმამ.