გვარამია: მოვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიქმნას

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია  „ოცნების“ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მოუწოდებს, შეიქმნას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის საკითხზე კონსილიუმი.

გვარამიას განცხადებით, კონსილიუმმა ყოველ დღე უნდა აცნობოს საზოგადოებას როგორია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მას იცავს საია, ძალიან კვალიფიციურად, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. […] მზია ამაღლობელის პატიმრობა, არის სრული აბსურდი, მას არა თუ დანაშაული არ ჩაუდენია, მის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული და მისი სილა დგებუაძეს, არის გაწნული სილა უსამართლობას და რეჟიმს. ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება მზია ამაღლობელს ამ სილაში, ყველანი ვუერთდებით მას ამაში“, – თქვა გვარამიამ.

გვარამიამ მოუწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, სწრაფად გამოიტანოს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომ მხარემ ამ საფუძვლით სასამართლოს მიმართოს, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

„პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, დროზე იქნას გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. როგორც ახლადგამოვლენილი გარემოება. ასევე, პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებების და ყველაფრის გარეშე, შეუძლია თავად გააკეთოს ეს და მოვუწოდებ, გააკეთოს“, – თქვა გვარამიამ.