გვარამია ოქუაშვილს: მიეცი „მთავარ არხს" მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა

პუბლიკა

ნიკა გვარამია ზაზა ოქუაშვილს მიმართავს, აღადგინოს „მთავარი არხის” მაუწყებლობა.

წერილში, რომელიც გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია:

„შეიძლება ვინმეს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს ამ სიტუაციაში ეს მიმართვა, მაგრამ სწორედ აქ და ახლა მგონია ამის თქმა საჭირო.

მინდა მივმართო მთავარი არხის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი (ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია, ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს – მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა.

ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ „მთავარს“ ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს, რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის (ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი „მთავარი არხი“, რომელიც 24/7 ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება”.

„მთავარმა არხმა” 2025 წლის 1 მაისიდან სრულად შეწყვიტა მაუწყებლობა.

წლის დასაწყისში, 27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიუთითებდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიჰყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.

მანამდე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა, გიორგი ქურდაძემ  მოქმედი გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენება მოითხოვა. ქურდაძე არხის თანადამფუძნებლებსა და მენეჯმენტს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებდა.

2025 წლის 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძელზე გამოძიება დაიწყო და არხის ფინანსებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვა.