გვარამია: პრეზიდენტის ინიციატივა სწორია, კონკრეტული სახელები არ დასახელებულა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა.

მედიასთან კომენტარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მისივე თქმით, არც კოალიციას შეუთავაზებია პრეზიდენტისთვის რომელიმე პირის კანდიდატურა.

„კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ამგვარი რამ მოხდეს და ჩვენი შეთანხმებაც ამასთან დაკავშირებით იყოს, მთავარი არის, რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, მოდით ასე დავარქვათ, თუ ვინმეს მთავრობა არ მოსწონს, რომელიც ქვეყანაში, ოპოზიციასაც მათ შორის, მისცემს მეტ დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს, არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართულები, არის საქართველოს პრეზიდენტი“, – თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და რაციონალური.