გვარამია: პრეზიდენტს ეს ჩემთვის არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის

პუბლიკა

ნიკა გვარამია საპატიმრო დატოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მან პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან. მისი თქმით, ის არ ელოდებოდა პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს ღირსებას მატებს და მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი გათავისუფლებას, არ ვიყავი ამისთვის მზად. მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, ეს მას ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს, ნამდვილად.

არ ვაპირებ გაჯიუტებული ვიყო ჩემ შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა და ბოდიშს ვუხდი ამის გამო.

თუმცა არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც პრეზიდენტი და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

უნდა გვესმოდეს,როდესაც ქვეყანაში არსებობს მინიმუმ 500 ათასი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება. მით უმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ნუ გაჯიუტდება თავის შეცდომაში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სამომავლო გეგმებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა გვარამიამ. მისი თქმით, მისი სამომავლო გეგმები „მთავარ არხს“ უკავშირდება. ის გეგმავს გააკეთოს ყველაფერი არხის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად და ასევე განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ იცის დაბრუნდება თუ არა ჟურნალისტად არხზე.