გვარამია: რუსული კანონის მიღება იგეგმება ევროპის ჩემპიონატისას, რომ ხალხს არ ეცალოს

პუბლიკა

მოძრაობა „ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მმართველი პარტიის განცხადება, რომ რუსულ კანონს დაჩქარებულად არ განიხილავენ, „ხაფანგია” და ისინი ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად აპირებენ მის მიღებას.

„დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს, ეს არის ხაფანგი – კანონის მიღება იგეგმება ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე, შევძლებთ, დავიცვათ ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ქუჩებში, გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილას, სადაც შეგვიძლია”, – აღნიშნა გვარამიამ.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.