გვარამია: საგრანტო დაფინანსებაზე უარი პოტენციურად არხების დახურვას იწვევს

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. მსჯავრებულმა სხდომაზე სიტყვა ითხოვა და ყურადღება გაამახვილა მათ შორის ფონდებისგან არხებისთვის დაფინანსების არმიცემაზე. მისი თქმით, დაფინანსებაზე უარის თქმა პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას.

„…იმ ვითარებაში, როცა ასე ხდება და პარალელურად რეიტინგით ყველაზე დიდი პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში ამ ძალის საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა (მე არ დავასახელებ ახლა ორგანიზაციებს, დასავლური მფლობელის მხრიდან) და უარის თქმა „კავკასიისთვის”, რომელსაც უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, პოტენციურად იწვევს დახურვას ამ არხების.

ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ეს არის ასე.

სიმეტრიული პასუხი ამ ანტიდასავლური ძალებისთვის ის კი არ არის, რაღაცა აბდაუბდას რომ გამოაქვეყნებენ და მერე ამის საპასუხო განცხადებები ვრცელდება, არამედ სიმეტრიული პასუხი პროდასავლური ძალების გაძლიერებაა, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ივლისში „მთავარი არხმა“განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა საერთაშორისო დონორების მოძიებაა, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.