გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ დავალა სახელმწიფოს, უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს,  გაითვალისწინოს გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა”.- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა. „აგრეთვე სახელმწიფოს შეახსენა ვალდებულება, რომ თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მისი ადეკვატური რეაბილიტაცია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი” – ამბობს გვარამია, თუმცა დასძენს, რომ „სააკაშვილი არ არის ვალდებული სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და მის გადაწყვეტილებას ხვალ გავიგებთ”.

„სტრასბურგის სასამართლოს ამ მოწოდებით დასრულებულია საქართველოს ხელისუფლების კლოუნადა, თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ფაქტი აღიარებულია საერთაშორისოდ.” – თქვა გვარამიამ.

გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს რომ აცნობოს სააკაშვილის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და დეტალურად აცნობოს ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რაც გატარდა მასთან მიმართებაში.

გვარამია ამბობს, რომ სასამართლო კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანას არ მიუთითებს მაგრამ ადგენს სტანდარტს, რომლის დაცვაც, მისი აზრით, მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაშია შესაძლებელი.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომ იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ეყოფა საღი აზრი, გამბედაობა და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის საერთაშორისო სამართლებრივად ყოფნა არ-ყოფნის საკითხს”. – ამბობს ნიკა გვარამია.