გვარამია: თავს ვხედავ იქ, სადაც ახალი შესაძლებლობებია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ახალ ადამიანებს

პუბლიკა

„მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის” ეთერში პოლიტიკურ გეგმებზე ილაპარაკა. გვარამიას არაფერი დაუკონკრეტებია. თუმცა, გააკეთა მინიშნებები.

„მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ახალ ადამიანებს“, – თქვა მან.

კითხვაზე, იმოქმედებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად თუ დამოუკიდებლად, ნიკა გვარამიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა – თქვა, რომ მისთვის ამოსავალი სიტყვა არის „ახალი”, თუმცა, ეს არ ნიშნავს ყველა ახალ ადამიანს.

„ჩემთვის ამოსავალი სიტყვა არის „ახალი” – ახალი შესაძლებლობები. ეს მოხდება ძველი კონფიგურაციების ფარგლებში, ეს მოხდება ახალი კონფიგურაციების მეშვეობით, თუ როგორ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება და უნდა იყოს – ახალი.

ახალი არ ნიშნავს ყველა ახალ ადამიანს. ახალი ტელევიზია გავაკეთე, მაგრამ იქ გამოცდილი ადამიანებიც იყვნენ და ახალი სახეებიც – ახალი შესაძლებლობებია ჩემთვის საინტერესო.

მე მთელი ცხოვრება ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 15 წელი ნამდვილად, გავხსნა ახალი შესაძლებლობები, გავხსნა და შესაძლებლობა მივცე ახალ ხალხს [..]. 2024 წელი იქნება ან ახალი საქართველოს გამარჯვება და ახალი საქართველოს, ასე ვთქვათ, აღმოჩენა, დაფუძნება და ევროკავშირისკენ მსვლელობა, ან იქნება საქართველოს დასასრული, დამარცხება.

მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ნებისმიერ ნაბიჯში, რომელსაც გადავდგამ, იქნება სიახლეები.

ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც შეივსება სიახლეებით, იქნება ეს ახალი ჭურჭელი, ძველი, კომბინირებული თუ ასე შემდეგ, ჩემთვის იქნება მისაღები, თუ მე მექნება და ვნახავ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა და ასევე მექნება შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი მე თვითონ გავაკეთო“, – ამბობს ნიკა გვარამია.

შეკითხვაზე, მისი პოლიტიკურ ველზე გამოჩენა როგორ აღიქმება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, გვარამია ამბობს, რომ პარტიას თვითაღდგენის უნარი აქვს, მაგრამ საჭიროა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველაფერი მათ არ აძლევს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას.

„სიახლე ყველგან შეიძლება მოხდეს, ნება უნდა იყოს სიახლის.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ტრადიცია რევიტალიზაციის, ანუ აღდგენის, თვითაღდგენის. მოდი, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ტრადიციული პარტიაა დღეს საქართველოში.

პარტიას კარგი რევიტალიზაციის უნარი აქვს, მაგრამ რა დასკვნებს გააკეთებენ, ვნახავთ. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როდის შეწყდება ის, რაც ხდება [პარტიაში] და არ შეიძლება, ეს მოგწონდეს იმ ადამიანს, ვინც არჩევნებზე ხმას აძლევდა ხუთ ნომერს. ვერ მომეწონება ვერცერთ ვითარებაში. ეს პროცესი არ აძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ რამეზე საერთოდ იფიქრონ, არ არის აქ საუბარი განახლდნენ თუ რაიმე სხვა გზით წავიდნენ. ვნახოთ, იმედი მაქვს რომ პარტია ამას [აღდგენას] შეძლებს.

არის გზები, რომლებმაც არ გაამართლა და ჩვენ ამას ვხედავთ, ეს დასრულებული ისტორიაა. იმ გზებით სიარულის ფუფუნება, რომელიც იცი, რომ ჩიხში მიდის, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. ამიტომ ვლაპარაკობ ძალიან ბევრს ახალ შესაძლებლობებზე, ახალ მიმართებებზე, ახალ გზებზე“. – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე – განიხილავს თუ არა ტანდემს ნიკა მელიასთან – გვარამიამ უპასუხა, რომ ახლა სახელებზე და გვარებზე საუბარი არ სურს.

„მე არაფერზე არ ვილაპარაკებ, კონკრეტიკაზე. არცერთი ადამიანი არ დამისახელებია. რაც შეეხება თვითონ ნიკას, მე არ მახსენდება რომ ჩვენ პრობლემები გვქონოდეს ურთიერთობაში. თუმცა, ასეთები არიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, მეორე ფლანგზე. ადამიანებთან პრობლემური ურთიერთობები მაქვს თუ არა, ეს კორელაციაში არ არის იმასთან, პოლიტიკური მოკავშირე ვარ თუ არა. მე შემიძლია პირადი ურთიერთობების გამიჯვნა, პოლიტიკური ურთიერთობებისგან.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან პოლიტიკური ურთიერთობები გამოვრიცხე, უბრალოდ ამ წუთში სახელებზე, გვარებზე და სხვა კონკრეტიკაზე საუბარი არ მინდა. მე ვთქვი, რა შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი“, – აცხადებს ნიკა გვარამია.