„გვარამიამ პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, დაიწყო გამოძიება“ - პროკურატურა

პუბლიკა

პროკრუატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაზეც გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ნიკა გვარამიამ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

„რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

მათი თქმით, საქართველოს პროკურატურამ მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე.


„საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს“,- ასე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას ნიკა გვარამია.