გვარამიას „განაჩენი“ სინამდვილეში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომელიც საპატიმრო სასჯელს იხდის და ამჟამად კლინიკა „ვივა მედშია“ მოთავსებული, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

„ნიკა გვარამია თავისუფლებისთვის ბრძოლის, შეუპოვრობის, მოუსყიდლობისა და გამბედაობის სიმბოლოა. მისი „განაჩენი“ სინამდვილეში საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებლების მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია. ეს რეჟიმის ლპობის ბოლო სტადიაა.

ქართველი ხალხი აუცილებლად გაითავისუფლებს თავს და გაათავისუფლებს ნიკასაც. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული ევროპული ქვეყანა.

ახლა, როგორც არასდროს, ყველა უნდა გაერთიანდეს და ჩვენი წვრილმანი განსხვავება გავწიოთ გვერდით. გამარჯვების ერთადერთი რეცეპტი არის ერთობა. ახლა ცხვირის ჩამოშვების დრო კი არა, ბრძოლის დროა!“, – წერს სააკაშვილი.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს– მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვრამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-სთვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.