„გუშინ დააკავეს მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი დოდონი. თქვენი აღქმით, აქ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკები?“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ შეკითხვით პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა კობახიძეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში კრიტიკული არხის მენეჯერის დაკავების მიზანშეწონილობის შესახებ დაუსვა შეკითხვა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამია იგორ დოდონზე „ბევრად უფრო მძიმე საოცრებებს აკეთებდა“.
„ის უბედურება, რაც ხდებოდა 2004-დან 2012 წლამდე, ეს არის გვარამიას დიდი დამსახურება, მათ შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
„ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ გვარამია სხვა ბრალდებითაა დაკავებული.
კობახიძის განცხადებით, გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე დოდონის ბრალი.
„რაც შეეხება 2004-12 წლების პერიოდს, გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი მაგ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი“, – განაცხადა მან.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი სამართალდამცველებმა 72 საათით დააკავეს, მის სახლში კი ჩხრეკა ჩაატარეს.
მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის გამოძიება იგორ დოდონს სახელმწიფო ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და დანაშაულებრივი ჯგუფებისგან პოლიტიკური დაფინანსების საქმეში მონაწილეობას ედავება.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლშია მსჯავრდებული.
აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.
I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.
II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.