გვარამიას საქმე ალბათ იქნება ხელის შემშლელი ევროინტეგრაციის გზაზე - ობუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საქართველოს შეფასების დროს გაითვალისწინებენ მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას, მათ შორის კი გვარამიას საქმე ხელის შემშლელი იქნება.

„მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ სტატუსის მინიჭების პროცესში, დოკუმენტებში გვხვდება ეს ჩანაწერები. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება იქნება ალბათ ნამდვილად ხელის შემშლელი ამ გზაზე“, – განაცხადა მან.

სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეფასებას მალე გამოაქვეყნებს.

ომბუდსმენის მთავარი მოსაზრება გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ის არის, რომ ვერ დასტურდება დანაშაულის ჩადენა.

„ნიკა გვარამიას პატიმრობა და საქმე არის ჩემთვის განსაკუთრებული და განსაკუთრებულად მძიმე. ამ წუთებში ჩვენ ვსწავლობთ სააპელაციოს მერე ნიკა გვარამიას  მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს ექნება კიდევ ერთი შეფასება“, – განაცხადა მან.

სახალხო დამცველმა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალების თხოვნით 8 ივნისს მიმართა.

მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას.