„გვარამიას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება" - ომბუდსმენი დასკვნას ავრცელებს

პუბლიკა

სახალხო დამცველის შეფასებით, „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება.

როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, მათ დაასრულეს ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის შესწავლა და მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით).

მათი განმარტებით, აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაედო არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების და საქმის მასალების შესწავლა, არამედ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ნიკა გვარამიას მისამართით (პატიმრობამდე და პატიმრობის შემდგომ), ასევე ქვეყანაში არსებული მედია გარემოს ანალიზი.

„სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლის ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, სახალხო დამცველმა 2022 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნა საქმის შემოწმების შედეგები და მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და ასევე საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა. გარდა ამისა, დაუსაბუთებლად შევაფასეთ ასევე, პირველი ინსტანციის განაჩენით შეფარდებული სასჯელი. მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზებით განხორციელების გამო, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების მიზნით მიმართა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.

გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარე აპელირებდა კონვენციის მე-18 მუხლზე, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნულ საქმეში ეს საკითხიც შეისწავლა. პოლიტიკოსების განცხადებების, ქვეყანაში არსებული მედია გარემოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების გათვალისწინებითა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მართლმსაჯულება არსებითი ხარვეზებით განხორციელდა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ იქნა გამოყენებული, ნათლად ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ კანონიერ მიზანს პოლიტიკური მიზანი გადაწონის.

ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენები სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ შეესაბამება და აქვს დასაბუთებულობის პრობლემა. სახალხო დამცველის აღნიშნული შეფასება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების მექანიზმი ნიკა გვარამიასთან მიმართებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გადაწყვეტილება ვრცლად იხილეთ ბმულზე;