გვარამიას საქმის განხილვა სააპელაციოში 19 ივლისს ჩაინიშნა, ეს იქნება ტესტი მთავრობისთვის - საძაგლიშვილი

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, სხდომის ჩანიშვნის ბოლო ვადა 10 აგვისტო იყო, როგორც ის აღნიშნავს, პრაქტიკის მიხედვით სააპელაციო სასამართლოში საქმეების განხილვა ჭიანურდება. როგორც გვარამიას ადვოკატი აცხადებს, 19 ივლისს სხდომის ჩანიშვნა შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლომ სხდომა ოპერატიულად ჩანიშნა.

„რაც ცხადია, ცუდი არ არის, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი. ის აბსურდული ბრალდებების გამო იმყოფება საპატიმროში და შესაბამისად, ჩვენს ინტერესშია, რაც შეიძლება მალე მოხდეს საქმის განხილვა.

მოლოდინი არის ერთადერთი – გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის მიხეილ ჩინჩალაძე და არ გვაქვს ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ შინაგანი რწმენის საფუძველზე. ერთადერთი – შეიძლება არ ჩაერიონ პროცესში. სხვა გადაწყვეტილება ფიზიკურად ვერ იქნება მიღებული, თუ მათზე იქნება ზეწოლა და მოთხოვნა, რომ მათ უნდა დატოვონ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში“, – თქვა მან.

საძაგლიშვილის თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი ტესტი „ქართული ოცნებისთვის“, აპირებს თუ არა ევროკავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირში ინტეგრაციას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნიკა გვარამია დაიჭირა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც განაცხადი ჰქონდა გაკეთებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს იყო ცალსახად საბოტაჟი ამ განაცხადის. ერთი მხრივ მას ფორმალურად მოთხოვნილი ჰქონდა სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც წინასწარ მათთვის ცნობილი იყო, რომ გამოიწვევდა კრიტიკას ევროკავშირის მხრიდან, ყალბი აბსურდული ბრალდებებით დააკავა ყველაზე გავლენიანი, კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი“, – თქვა საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, მაისში სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.