გვარამიას სასჯელის სიმძიმე მიუთითებს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია - RSF

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მოუწოდებს საქართველოს, რომ გადაიხედოს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ „უპრეცედენტო და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრი“. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებული არიან საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ მზარდი საფრთხეებით.

RSF წერს, რომ ეს საქართველოში ოპოზიციური მედიის დირექტორის დაპატიმრების პირველი შემთხვევაა. გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას ფულის გაფლნაგვისთვის გაასამართლეს, რადგან რეკლამის გაშვების ნაცვლად „პორშეს“ ცენტრისგან მანქანა მიიღო.

თუმცა, როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სახალხო დამცველი საქმეში არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს.

„ამგვარი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავდა ოპოზიციური მედიის დასუსტებას.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა არამხოლოდ პასიურობა პრესაზე თავდასხმების დროს, არამედ მზადყოფნა იმისთვის, რომ შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობაც.

მოვუწოდებთ სასამართლოებს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ნიკა გვარამიას მსჯავრის დამოუკიდებლად გადახედვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიაორგანიზაციისთვის“, – თქვა ჟან კაველიერმა, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „მთავარი არხი“ აგრძელებს შეუფერხებლად მუშაობას, მიუხედავად მის გარშემო შექმნილი სირთულეებისა და მათი შევიწროებისა.

ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, ოპოზიციური ტელევიზია აქამდეც გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. RSF-ის განცხადებით, 2021 წელს „მთავარი არხი“ 111 303 ლარით დააჯარიმეს; პოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტებს კი თავს ესხმოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თეა წულუკიანი და კახა კალაძე.