გვაშფოთებს, მოახერხებს თუ არა მთავრობა, კითხვარი იმგვარად შეავსოს, რომ გაწევრების პერსპექტივა წინ წავიდეს - სამადაშვილი

პუბლიკა

„სერიოზულად შეშფოთებული ვართ იმასთან დაკავშირებით, მოახერხებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, რომ ამ კითხვარზე პასუხები იყოს იმგვარი, რომ მისცეს შესაძლებლობა საქართველოს ევროპაში გაწევრების პერსპექტივას, წინ წავიდეს“, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შემდეგ შესავსებ კითხვარს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილს დღეს ლუქსემბურგში გადასცემს.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ლელოს“ მოთხოვნაა, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები მოვიდნენ პარლამენტში და კომიტეტში წარადგინონ ხედვა, როგორ აპირებენ კითხვარზე პასუხის გაცემას და სამუშაო პროცესის წარმართვას.

„შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების ხელმძღვანელები მოვიდნენ პარლამენტში და კომიტეტში წარადგინონ ხედვა, როგორ აპირებენ ამ კითხვარზე პასუხს, რა ვადებზეა საუბარი, როგორ აპირებენ სამუშაო პროცესის წარმართვას და შემდეგ ხშირი პერიოდულობით მოვითხოვთ ანგარიშის მოსმენას“, – განაცხადა სამადაშვილმა „TV პირველთან“ საუბარში.

შესავსებ კითხვარზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველო ახალ ეტაპზე გადადის. მისი თქმით, ყველა უწყება მაქსიმალურად ჩაერთვება და შევსებულ კითხვარს ბრიუსელს მოკლე დროში მიაწოდებენ.


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ტვიტერში წერს, რომ ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ შესავსებ კითხვარს საქართველოსა და მოლდოვას დღეს გადასცემს.

უკრაინას შესაბამისი კითხვარი 8 აპრილს გადაეცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ის საზეიმოდ გადასცა.