გვჭირდება დახმარება რუსული საჰაერო იერიშების წინააღმდეგ, თუ ამას არ იზამთ, პასუხისმგებლობა გაიზიარეთ - კულება NATO-ს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთი უკრაინის განადგურებას იმავე მეთოდებით ცდილობს, რასაც სირიაში იყენებდა. კულებას თქმით, უკრაინა მზადაა ბრძოლისთვის და მტერს არ ნებდება, მაგრამ დაუყოვნებლივ სჭირდება დახმარება რუსული საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად.

„ჩვენი სახელმწიფო მზადაა ბრძოლისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გვჭირდება დახმარება რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად.

თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ მოგიწევთ, გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლსა და ტანჯვაზეც, რასაც მათ რუსული რაკეტები და თვითმფრინავები მიაყენებენ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებისთვის და სთხოვა მათ, რომ უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ, რაც ქვეყანას რუსული იერიშების მოგერიებაში დაეხმარება.