თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატა ასათიანი განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შესახებ Facebook-პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, განათლების მინისტრებს რეტროაქტიურად სთხოვდეს საზოგადოება პასუხს ჩადენილ დანაშაულებსა თუ უმოქმედობაზე, რადგან ამის შედეგებს ქვეყანა წლების შემდეგ იმკის.
„ახლა რომ PISA-ში გვექნება გაუარესებული შედეგები, ვინ უნდა აგოს პასუხი?
დღემდე რატომ არ გვაქვს მრავალჯერ დაპირებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი წესი?
რატომ გააჩერა მიხეილ ჩხენკელმა წინა წლებში ამოქმედებული საჭირო პროგრამა – ხანდაზმული მასწავლებლების სისტემიდან ღირსეულად გაცილების სქემა, რომლის წყალობით სკოლებში ახალი პედაგოგები უნდა შესულიყვნენ… (ამ პროცესის გარეშე, ტყუილია ზოგადი განათლების ხარისხზე საუბარიც კი).
აღარაფერს ვამბობ მეცნიერებისთვის გამოყოფილ სასაცილო დაფინანსებაზე და მეცნიერის მიზერულ ხელფასებზე, პროფესიული განათლების კვლავ შელახულ რეპუტაციაზე, ზოგად განათლებაში არსებულ მასშტაბურ ხარვეზებზე და სკოლებში აყვავებულ ბულინგსა და ძალადობაზე. ასევე სხვა მრავალ დაგროვილ გადაუჭრელ პრობლემაზე, მათ შორის, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე, ე.წ. უფასო სპეციალობებზე, სკოლების ინტერნეტიზაციის შეჩერებულ პროცესზე…
ნეტა სად არის განათლებისთვის დაპირებული მშპ-ს ის 6%, რომელსაც მანტრასავით იმეორებდა ერთ-ერთი პრემიერი და მასთან ერთად მიხეილ ჩხენკელი…
ერთი სიტყვით, იმდენად არაფერი გაკეთდა, რომ ჩამოსათვლელიც არაფერია.
მთელი გულით ვუსურვებ ახალ მინისტრს წარმატებას, ძალიან გვჭირდება სისტემის შინაარსიანი რეფორმა და არა „პოტიომკინის სოფლის” შენება, რაც მიხეილ ჩხენკელის ძლიერი მხარე აღმოჩნდა… “- წერს ის.
ნატა ასათიანის თქმით, ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა, ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და დაუფასდა კიდეც.
„P.S. ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე, თითქოს საკადრო ცვლილების მიზეზი სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების სურვილიაო. გთხოვთ, მავნებლობების ამ ჩამონათვალს მხოლოდ ერთ და სრულიად დაუზუსტებელ ბრალდებაზე ნუ დაიყვანთ… კარგი იქნებოდა პოპულიზმის ნაცვლად, ერთხელ მაინც ჩაგეხედათ შინაარსში და გაგერკვიათ რა ხდებოდა ბოლო წლები განათლების სისტემაში, თუმცა ეს ხომ თქვენს მთავარ ხაზს – ზედაპირულობას სცდება და ამას როგორ იკადრებდით…
მმართველ გუნდს კი მინდა ვთხოვო, ნუ შეიწუხებენ თავს ჩხენკელისთვის მადლობის გადახდით. ამ ქვეყანაში არიან ადამიანები ვისაც ესმით განათლების პოლიტიკა და იციან განათლების სისტემა… მათ თვალში ეს მადლობები ძალიან სასაცილოდ ჩანს“, – წერს ის.
ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. მისი თქმით, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს საქმიანობას.
ნატა ასათიანი განათლების სამინისტროში 2017 წელს მუშაობდა, მაშინ, როდესაც მიხელ ჩხენკელი პირველად გახდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.