გველესიანი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, კიტეიშვილი - ნაკრების ფეხბურთელები „ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობენ

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 21 ოქტომბერს საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.

ვიდეო რგოლში ჩანან სპორტსმენები – სანდრო ბაზაძე, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ასევე, საქართველოს სარაგბო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე. კლიპში ასევე მონაწილეობას იღებენ – მომღერალი მარიამ შენგელია, „სუხიშვილების“ სოლისტი – ბაჩანა ჭანტურია.

ვიდეო რგოლში „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – გენო პეტრიაშვილი და მე-7 ნომერი, ძალოსანი, ლაშა ტალახაძეც იღებენ მონაწილეობას.

„მთავარი რასაც ეხება ეს ვიდეო რგოლი, ეს არის ალბათ სიყვარული. სიყვარული ეს არის ის გრძნობა, რომელიც განსაკუთრებულად არის დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ვიღაცები აირან ვინც ცდილობს რაღაცნაირად სიძულვილი შემოიტანოს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა მთავარი რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის სწორედ სიყვარული“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა კლიპის პრეზენტაციაზე.