გვემუქრება თუ არა წელს სეზონური გრიპის ეპიდემია?

პუბლიკა

გვემუქრება თუ არა წელს სეზონური გრიპის ეპიდემია? რას ნიშნავს თვინდემია და რამდენად ახალია ეს მოვლენა? – თვინდემიასთან დაკავშირებულ ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

გვემუქრება თუ არა წელს სეზონური გრიპის ეპიდემია? 

ისევე როგორც ყოველ წელს, 2021-2022 წლის სეზონზეც მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მკვეთრი ზრდა. გრიპის ეპიდემია სხვადასხვა წელს სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარეობს ხოლმე. გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის მიერ ჯანდაცვის სისტემის სერიოზული გადატვირთვის მოლოდინი იყო, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. რადგან, როგორც ჩანს, სიფრთხილის იმ ზომებმა, რომელთა დაცვა კოვიდის პროფილაქტიკისთვის არის აუცილებელი, გრიპის გავრცელებასაც შეუშალა ხელი.

წელსაც ლაპარაკია იმაზე, რომ გრიპი კოვიდთან ერთად პრობლემებს შეგვიქმნის და ცხადია, ეს არ არის გამორიცხული, მითუმეტეს, რომ ბევრმა ქვეყანამ შეამსუბუქა რეგულაციები და შესაძლებელია ამან მსოფლიოში გრიპის შემთხვევათა რიცხვის სერიოზული აღმავლობა გამოიწვიოს.

რას ნიშნავს თვინდემია და რამდენად ახალია ეს მოვლენა?

ტერმინი თვინდემია უბრალოდ გამოხატავს ორი ინფექციის (გრიპის ვირუსის და კორონავირუსის) თანხვედრას – ინგლისური სიტყვიდან „twin”, ანუ ტყუპი. ეს ტერმინი გასულ წელსაც გაჟღერდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვინაიდან გრიპმა დიდი პრობლემები არ შექმნა, ტერმინი თვინდემიაც აღარ იყო ძალიან აქტუალური.

რამდენად აუცილებელია წელს გრიპზე აცრა და რა შუალედით უნდა მოხდეს კოვიდის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

გრიპზე აცრა აუცილებელია ყოველ სეზონზე, რადგან ყოველ წელს გრიპის ვირუსის შეცვლილი ვარიანტი გვევლინება და შესაბამისად, წინა სეზონზე ჩატარებული ვაქცინაცია აღარ ან ძალიან ნაკლებად იცავს ამ ახალი ვირუსისგან. ამიტომ ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება იმის საპასუხოდ, თუ რომელი ვირუსი იწყებს ცირკულირებას. ასეა წელსაც. გრიპზე უნდა ავიცრათ, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. ვაქცინა უფასოა ზოგიერთი რისკის ჯგუფებისთვის, მაგალითად, ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

გრიპზე აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ორსულებისა და ბავშვებისთვის (გრიპზე აცრა შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან).

რაც შეეხება შუალედს გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის, ათიოდე დღის წინ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეცვალა წინა წელს არსებული რეკომენდაცია და ახალი რეკომენდაციის თანახმად, გრიპის და კორონავირუსის ვაქცინები შეიძლება გაკეთდეს ერთიდაიგივე დღეს, თუმცა სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე. თუ ვაქცინაცია არ მოხდა ერთიდაიგივე დღეს, მაშინ შესაძლებელია ავიცრათ ნებისმიერი შუალედით. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონზე მოქმედი რეგულაციის თანახმად, გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის შუალედი უნდა ყოფილიყო მინიმუმ ორი კვირა. წელს ამ შუალედის დაცვა აღარ არის რეკომენდირებული.