გვექნება კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“, გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია გაზის ფასის გადახედვა – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.

„გაზის ნაწილში მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასს, თუ როგორ გაყიდის „თბილისი ენერჯი“, რომელიც თბილისის გაზმომარაგებით არის დაკავებული, ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი. ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ამ დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.

მართლაც, დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ. ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით, რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, კომერციული გაზის ფასის გადახედვა, ჩვენ მათთან გვექნება აუცილებლად კომუნიკაცია“, – განაცხადა თურნავამ.

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო, ანუ კომერციული მომხმარებლისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.