გვიანი გვამური მოვლენების გამო, ზედაპირული ტრავმული დაზიანების აღმოჩენა შეუძლებელი იყო – ექსპერტი

პუბლიკა

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტმა, მარიამ ჯიშკარიანმა ბრიფინგი გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად ოჯახის თხოვნით ჩაერთო. ჯიშკრიანის თქმით, სხეულის ზედაპირული დაზიანებების, სისხლნაჟღენთების ან სხვა რაიმე სახის ტრავმული დაზიანების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, „მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო“.

„ზედაპირული ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის რაიმე დაზიანებები, კანისა და ზედაპირული დაზიანებების აღმოჩენა იყო შეუძლებელი, ვინაიდან გვამური მოვლენები იყო შორს წასული, ანუ ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა არ იყო შესაძლებელი. სხვა მხრივ, ხილული გვამური დაზიანებები, მაგალითად, ძვლების მოტეხილობა, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის ჭრილობები არ აღენიშნებოდა.“ – ამბობს ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი.

დღეს შს სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. უწყების წარმომადგენლის ცნობით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.


ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩილიაშვილს შესაბამისი უწყებები ოთხი დღე ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობინების მიღებისთანავე. ბოლო ლოკაცია, სადაც გარდაცვლილის ავტომანქანა დაფიქსირდა იყო სოფელი ხაიში, ამიტომ ჭელიძის განმარტებით სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა როგორც ადგილობრივების გამოკითხვა და შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესწავლა.