გვინდა, დავიწყოთ ფართო კვლევა ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე COVID-19-ის ზეგავლენაზე - გახარია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ანგარიში, რომელიც პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, საკანონმდებლო ორგანოს წერილობითაც გადაეგზავნება.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ ანგარიშზე მუშაობა სუსტი მხარეების აღმოჩენის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

„ამ ანგარიშზე მუშაობამ ჩვენ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც ბევრი საუბარი მიდის დღეს და ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად COVID-19-ის ზეგავლენაზე ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანისა და ბავშვების უფლებები, სამართლებრივი უფლებები და ა.შ. ჩვენ უნდა გადავაზღვიოთ სოციალური ცხოვრების ყველა სფერო”, – განაცხადა გახარიამ.

27 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვა მოისმინეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

პრემიერი გასულ კვირას პარლამენტში მეორედაც იმყოფებოდა, როცა ოპოზიციამ ის ინტერპელაციის წესით თავიანთ კითხვებზე პასუხის მოსასმენად დაიბარა.